საქართველოში 2007-2011 წლებში ოჯახური ოჯახური ძალადობის 973 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო მონაწილე პირთა რაოდენობამ 1997 შეადგინა - სტატისტიკურ-ანალიტიკურ მასალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა. სტატისტიკა შეეხება ისეთ საზოგადოებრივად რელევანტურ და აქტუალურ სეგმენტს, როგორიცაა ოჯახური ძალადობა, ოჯახური კონფლიქტები და არასრულწლოვანთა მიმართ და მიერ ჩადენილი დანაშაულობები საქართველოში.
შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნულია, რომ ამავე პერიოდში მოძალადის სახით დაფიქსირებულია 887 მამაკაცი და 89 ქალი, ხოლო მსხვერპლის სახით რეგისტრირებულთა სურათი საპირისპიროა და თანაფარდობა შესაბამისად 117 / 904-ზეა ქალების "სასარგებლოდ".
"ნიშანდობლივია, რომ მსხვერპლი მამაკაცების ყველაზე დიდი ასაკობრივი სეგმენტია 45 წლის ასაკს ზემოთ მყოფი პირები (59%), მაშინ როდესაც როგორც მსხვერპლი ქალების, ასევე მოძალადე ქალებისა და კაცების მიმართულებით 25-44 წლების ინტერვალში მყოფი პირები სჭარბობენ, შესაბამისად 58,3, 53,9 და 59,2 პროცენტით", - ნათქვამია ანგარიშში.
ამავე ანგარიშის მიხედვით, ოჯახური ძალადობის სახეებიდან საქართველოში ჭარბობს ფსიქოლოგიური (56.8%, 1160 ფაქტი) და ფიზიკური ძალადობა (36.3%, 740 ფაქტი).
"ძალადობის ფაქტების რაოდენობით საქართველოს რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა თბილისი (632 ფაქტი), მეორე ადგილზე - აჭარა (84). 10 000 მოსახლეზე ძალადობის ფაქტების ხვედრითი წილის მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელით გამოირჩევა თბილისი (5.4 შემთხვევა) და მცხეთა-მთიანეთი (3.4)", - ნათქვამია ანგარიშში.