თბილისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გრანდიოზული გასართობი ცენტრი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 2013 წლის ზაფხულში აშენდება. "ჯინო პარკის" მშენებლობას ინვესტორებთან ერთად, საფუძველი თბილისის მერმა გიგი უგულავამ ჩაუყარა და პროექტის დეტალებს ადგილზე გაეცნო.
თბილისის მერიის ერთ-ერთი მთავარი პროირიტეტი ქალაქში სტაბილური ბიზნეს-გარემოს შექმნა, ახალი ინვესტიციების მოზიდვა და თბილისელების დასაქმებაა. ამ მიზნით, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო ქალაქში არსებულ უძრავ ქონებას ინვესტირების პირობით ასხვისებს. ნებისმიერ ფიზიკურ, თუ იურიდიულ პირს, შესაძლებლობა აქვს ამ პირობით კონკრეტული მიწის ნაკვეთი შეიძინოს, სადაც გარკვეული ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გასხვისდა თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებული 91 173 კვმ. მიწის ნაკვეთი.
შპს "ჯინო პარკi" ამ ტერიტორიაზე 20 000 000 ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. ტერიტორიაზე 2013 წლის 1 ივლისამდე მოეწყობა დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი გასართობი ცენტრი - აკვაპარკი (ზამთრის და ზაფხულის არეალებით). აკვაპარკში ამოქმედდება: შიდა და გარე ტოპოგანები, საბავშვო და მოზრდილთა აუზები, სარელაქსაციო ჩანჩქერი და ტალღოვანი აუზი, 25 მეტრიანი ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზი; ბავშვთა წყლის პარკი; ფრენბურთისა და მინი-ფეხბურთის ქვიშის მოედნები; სხვადასხვა სწრაფი კვების ობიექტები, მარილებისა და მენთოლის სპა ცენტრი, რომაული და ფინური საუნები, ჯაკუზები, კეთილმოწყობილი საზაფხულო პლიაჟები.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პარკი წლის განმავლობაში 800 000 ადამიანს მოემსახურება. შეიქმნება ასობით სამუშაო ადგილი. მომსახურე პერსონალი გადამზადების სპეციალურ კურსს ევროპის აკვაპარკებში გაივლის.