შპს „გუდვილი" ოფიციალური კომენტარით მიმართავს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს" და სხვადასხვა მედიასაშუალებებს, რომლებმაც თავის მხრივ აღნიშნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისე რომ არ დაინტერესებულან "გუდვილის" ოფიციალური წარმომადგენლების კომენტარით, გაავრცელეს ლაბორატორიული დასკვნა საბურთალოს გუდვილში ნაყიდ საქონლის ფარშში აღმოჩენილ კოლიბაქტერიებზე.
"შპს „გუდვილისთვის" სურსათის უვნებლობა, ხარისხიანი პროდუქტის წარმოება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული ამოცანაა. სწორედ ამ პრინციპების შესაბამისობაში მოსაყვანად კომპანიას 2009 წლიდან დანერგილი აქვს ხარისხის მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემა ISO 9001:2008 სტანდარტის მიხედვით და HACCP -კონცეფციით, რაც სწორედ უვნებელი სურსათის წარმოების მნიშვნელოვანი პირობაა. აღნიშნული სისტემის მორიგი სერტიფიკაცია, რომელიც მ.წ 24 მაისს გერმანული მასერტიფიცირებელი ორგანოს TUV SUD-s ექსპერტების მიერ ჩატარდა, გუდვილმა წარმატებით გაიარა"- ნათქვამია "გუდვილის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"გუდვილის" ინფორმაციით, კომპანიას ხორცი შემოაქვს თელეთის სასაკლაო, სახელმწიფოს სათანადო სამსახურების მიერ აკრედიტირებულ შპს C/L-დან, რომლის უვნებლობასა და ხარისხთან შესაბამისობას არაერთი სერთიფიკატი ადასტურებს. მიუხედავად ხსენებული საწარმოს მიერ მკაცრი კონტროლისა, შპს გუდვილი თავის მხრივ ხორცის ექსპერტიზას დამატებით ახდენს როგორც მიღების, ასევე შემდგომი დამუშავების დროს.
"შპს "გუდვილს" ეჭვი არ ეპარება „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა" და საგამოცდო ლაბორატორიის კომპეტენციაში, თუმც, არ შეიძლება გამოირიცხოს იმის შესაძლებლობაც, რომ ხორცის ფარშის ბაქტერიოლოგიური დაბინძურება მომხდარიყო შესყიდვის ან ტრანსპორტირების ეტაპებზე.
სწორედ ამიტომ, ჩვენ უკვე გადავამოწმეთ ხორცის რამდენიმე ნიმუში ჩვენსავე ლაბორატორიაში, რომლის დასკვნის საფუძველზეც გუდვილში გასაყიდად გამოტანილი ხორცში კოლიბაქტერიები არ აღმოჩნდა და ის ხარისხის ყველანაირ სტანდარტს შეესაბამება. მიუხედავად ამისა, ობიექტურობისა და მაქსიმალური გამჭირვალობისთვის, მიკრობიოლოგიური პარამეტრების გამოკვლევების მიზნით, ნიმუშის აღების მოქმედი წესების დაცვით, ფარში მაინც გადავაგზავნეთ დამოუკიდებელ, აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, რომლის პასუხიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე და ამ ბოლო დროს გუდვილის მიერ წარმოეუბული თუ გასაყიდად გამოტანილი პროდუქტის ხარისხზე გავრცელებული ინფორმაციების ნეგატიური ხასითი და ინტენსიობა გვაფიქრებინებს გარკვეული უარყოფითი კამპანიის დაწყების მცდელობაზე, რაც საბოლოო ჯამში გუდვილის რეპუტაციისა და სახელის შელახვას ემსახურება. ამ მხრივ განსაკუთრებული აქტივობა შეინიშნება მაშ შემდეგ, რაც შპს გუდვილმა საბურთალოს რაიონში რიგით მეორე ჰიპერმარკეტი გახსნა და განაცხადა ცენტრალიზებული საწარმოს პროექტზე.როგორც ჩანს საბურთალოს გუდვილის თანამედროვე სავაჭრო ცენტრმა, მოწესრიგებულმა გარემომ, პროდუქტის ხარისხმა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვამ თუ მომსახურების ხარისხმა სხვადასხვა მაღაზიების რეალიზაცია მკვეთრად შეამცირა და არაჯანსაღად აგორებული კამპანიაც ამის შედეგია. ამას დაემატა გუდვილის განაცხადიც, რომ იგეგმება ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მულტიფუნქციური კომპლექსის ამუშავება, რომელიც 4500 დასახელების პროდუქტს გამოუშვებსდა მისი დისტრიბუცია მთელი საქართველოს რითეილ ბაზარს მოიცავს. აღნიშნული საწარმო, ისევე როგორც გუდვილის თითოეული ობიექტი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ლაბორატორიებითა და ხარისხის კონტროლის სისტემებით"- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იმავდროულად. შპს "გუდვილი" მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დაათვალიერებინოს და გააცნოს წარმოების თითოეული ეტაპი, რათა თავად დარწმუნდნენ კომპანიის მიერ წარმოებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის, ასევე ხარისხის და უვნებლობის სისტემების ფუნქციონირებაში.