დღეს, 15 ივნისს, თბილისს სააპელაციო სასამართლო ბიძინა ივანიშვილის საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის აღდგენის შესახებ საკითხის განხილვას დაიწყებს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატთა ჯგუფის წევრებმა განუცხადეს.
ივანიშვილის ადვოკატის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, სასამართლო შეგნებულად აჭიანურებს სასამართლო პროცესს, რათა ოქტომბრის არჩევნებამდე ივანიშვილს მოქალაქეობა არ მიანიჭოს.
"სააპელაციო სასამრთლომ ჩვენ მიერ შეტანილი სარჩელი მაქსიმუმ ხუთი თვის განმავლობაში უნდა განეხილა. ფაქტობრივად, საქმის განხილვა ხდება ვადის ბოლო ზღვარზე. სასამართლო მხრიდან ვადის გაჭიანურება ხდებოდა ხელოვნურად, რათა სასამართლო პროცესი დროზე არ დასრულებულიყო და ოქტომბრამდე ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა რა მიენიჭოს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან კბილაშვილმა
მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოსგან კონკრეტული შედეგს არ ელიან.
"რასაკვირველია ეს სასამართლო დატოვებს ძალაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და ილუზია იმისა, რომ რამე შეიცვლება არ გვაქვს", _ განცხადა კბილაშვილმა
შეგახსენებთ, ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით, 2011 წლის 27 დეკემბერს თბილისში საქალაქო სასამართლომ ივანიშვილის საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის #602 ბრძანება სამართლიანად ცნო და არ დააკმაყოფილა ივანიშვილის სარჩელი საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით. რის შემდეგ, ივანიშვილის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში 2012 წლის 24 იანვარს გაასაჩივრეს.