შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, დემოკრატიული მოძრაობა განცხადებას ავრცელებს.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მიერთებულია შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების კონვენციას, რაც პირდაპირ ავალდებულებს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას იზრუნოს მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის, არსებულმა ხელისუფლებამ პირდაპირ შეიძლება ითქვას, გაუსაძლისი გახადა საზოგადოების ამ ნაწილის ცხოვრების პირობები: ხელოვნურადაა შემცირებული შეზღუდული შესაძლებლობების პირთა რაოდენობა, გართულებულია შესაძლებლობის შეზღუდვის დადგენის პროცედურა, სახელმწიფო არ აფინანსებს არანაირ სარეაბილიტაციო პროგრამას და ა.შ.", - აღნიშნულია განცხადებაში.
"დემოკრატიული მოძრაობა" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ყველა თანამოქალაქეს თანადგომას უცხადებს, უსურვებს მხნეობასა და სულის სიმტკიცეს. მათი განცხადებით, პარტიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამაში დეტალურადაა გაწერილი ის ნაბიჯები, რომელიც სავალდებულოა მათი ცხოვრების პირობების შემსუბუქებისა და გაუმჯობესებისთვის.
"დემოკრატიული მოძრაობა" მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა იყოს საზოგადოების თანაბარუფლებიანი წევრი, ჩართული ქვეყნის მშენებლობის აქტიურ პროცესში საკუთარი შესაძლებლობის გათვალისწინებით და ამას პირველ რიგში უნდა უზრუნველყოფდეს პასუხისმგებლობის მქონე და საკუთარ მოქალაქეებზე რეალურად მზრუნველი ხელისუფლება.
შეგახსენებთ: 14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა