"ჩემი წარსული არის სუფთა და თქვენს მიერ მოგონილი ბინძური ცილისწამების ჭიქაში ატეხილ ქარიშხლის არავის სჯერა", _ აცხადებს კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი კახი კალაძე განცხადებაში, რომელსაც მისი პრესსამსახური ავრცელებს.
განცხადებაში კალაძე აცხადებს, რომ "ხელისუფლებაში აპირებენ სიცრუის მანქანის ახლებურად დაქოქვას და ამისათვის შსს-ს უკვე მივლინებული ჰყავდა თავისი წარმომადგენელი იტალიაში".
"ბოლო თვეების მანძილზე, ხელისუფლებისაგან მართული ჯიბის ტელევიზიებით, ჩემი მისამართით წამოვიდა შავი პიარის უზარმაზარი ტალღა. მართალია ბევრს ეცადნენ, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს, თუმცა თავიდანვე მათ გასაგონად ვაცხადებდი, რომ პატიოსნად ვცხოვრობდი და ტყუილად ხარჯავდნენ დროს, ენერგიას და ფინანსებს.
როგორც გავარკვიე ამჯერად ხელისუფლებაში აპირებენ სიცრუის მანქანის ახლებურად დაქოქვას და ამისათვის შსს-ს უკვე მივლინებული ჰყავდა თავისი წარმომადგენელი იტალიაში. მინდა აგონიაში ჩავარდნილი ხელისუფლების გასაგონად კიდევ ერთხელ ხმამაღლა გავიმეორო, რომ ჩემი წარსული არის სუფთა და თქვენს მიერ მოგონილი ბინძური ცილისწამების ჭიქაში ატეხილ ქარიშხლის არავის სჯერა", _ აცხადებს კალაძე და აღნიშნავს, რომ "საქართველოს მოსახლეობის ბრძოლა დემოკრატიისათვის, ქვეყნის ნათელი მომავლისა და ერთიანობისათვის გადამწყვეტ ფაზაში შედის. სულ მალე ,,ქართული ოცნება,, აუცილებლად ახდება და ამას ვერანაირი შანტაჟით, პროვოკაციებით და ცილისწამებებით ვერ შეაჩერებთ".