გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, "გუდვილის" ხინკალში სოიო აღმოაჩინეს, თავად "გუდვილის" მენეჯმენტი ხინკლის დამზადების ტექნოლოგიით ხსნის.
"შპს "გუდვილის" მიერ პელმენების და ხინკლის წარმოებისას, როგორც ტექნოლოგიური პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ციკლი, ცომის სტაბილიზაციის მიზნით, ხდება მცირე ოდენობით (არა უმეტეს 3-3,5%-ისა) სოიოს ტექსტურირებული ფქვილის _ ტექსტურატის დამატება. ცნობისათვის, სოიოს ტექსტურატი მიიღება სოიოს მარცვლისაგან, მისი თერმული დამუშავების გზით, რა დროსაც ის სრულად კარგავს ალერგენულ თვისებებს, რაც დადასტურებულია წამყვანი ქვეყნების შესაბამისი ლაბორატორიების მიერ ჩატარებული კვლევებითაც. სწორედ ამ და სხვა თვისებების გათვალისწინებით, სოიოს ტექსტურირებული ფქვილისგან დამზადებული რძე იდეალურად ანაცვლებს ძროხის რძეს და ის მსოფლიოში აქტიურად გამოიყენება ადრეული ასაკის ალერგიული რეაქციის მქონე ბავშვების კვებაში", - აცხადებს "გუდვილის" ხარისხის სამსახურის უფროსი ლევან ჩიტეიშვილი.
მისი განმარტებით, როგორც უსაფრთხო საკვებდანამატი, დღეისათვის სოიოს ტექსტურატი ფართოდ გამოიყენება ევროპისა და აშშ-ის ბაზარზე წარმოდგენილი პურპროდუქტების თითქმის ყველა სახეობაში. სოიოს ტექსტურირებულ ფქვილის დანამატს შეხვდებით უამრავ პროდუქტში, დაწყებული ხორცით, ნაყინით და ყველით, დამთავრებული კარტოფილი ფრით. სოსიოს ტექსტურატი გამოიყენება ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა ბასკინ რობინსი, თევზის კონსერვები და ა.შ..
"ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით და ასევე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 11 დეკემბრის #2-231 ბრძანების "სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" მე-4 მუხლის ბ.ე. ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, არ არსებობს არანაირი ვალდებულება სოიოს ტექსტურატის ინგრედიენტების ჩამონათვალში შეტანის თაობაზე. მეტიც, იმავე ბრძანების ბ.თ. ქვეპუნქტში ალერგიული რეაქციების გამომწვევ ნედლეულსა ან ინგრედიენტებს შორის დასახელებულია "სოიოს მარცვალი", რომელიც მართლაც წარმოადგენს ალერგენს და არა ტექსტურატი", - განმარტავს ლევან ჩიტეიშვილი.
"გუდვილის" მენეჯმენტის ინფორმაციით, კომპანიის მიერ წარმოებაში სოიოს ტექსტურატის გამოყენება ეფუძნება მხოლოდ მეცნიერული კვლევის შედეგებს და ასევე საერთაშორისოდ აღიარებულ გამოცდილებას. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ არ დარღვეულა მომხმარებლის უფლებები და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის არც ერთი მოთხოვნა.