,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტია,, ლაზიკას მშენებლობას მხარს უჭერს.
ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, ლაზიკასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების განხილვისას, პარტიის წევრმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სხვა კოლეგებისგან ცოტა განსხვავებული შეხედულება აქვს და ლაზიკას აშენებას მხარს უჭერს, რადგან ედპ–ს მიაჩნია, რომ ლაზიკას დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური დატვირთა ექნება.
,,მთავარი საქმე ორგანული კანონის მიღების შემდეგ იქნება, რომელმაც უნდა განსაზღვროს ლაზიკას სტატუსი. ეს არ იქნება რომელიმე უცხო ქვეყნის ან უცხო მოქალაქეების მიერ ჩვენი ტერიტორიის მიტაცება. იმიტომ რომ ქალაქის სტატუსი გულისხმობს თვითმმართველობას და ამ თვითმმართველობას ჩვენი მოქალაქეები დააკომპლექტებენ. ბუნებრივია, ეს სტატუსი განსაზღვრავს გარკვეულწილად ავტონომიას, ეს იქნება თვითმმართველობა რომელსაც უფლება ექნება მიიღოს თავის ნორმატიული აქტები და ეკონომიკური საქმიანობისთვის უფრო მეტი თავისუფლება, – აღნიშნა ჩახვაძემ და მაგალითად ჰამბურგი დაასახელა. მისი თქმით, გერმანიას კარგი გამოცდილება აქვს ჰამბურგის სახით, სადაც მოქმედებს ადგილობრივი კონსტიტუცია და მას მართავს ე.წ. პრეზიდენტი, რასაც შეიძლება ქალაქის თავიც ეწოდოს.
მასალის გამოყენების პირობები