ახალი ქალაქის - ლაზიკას მშენებლობისათვის საჭირო თანხები გაურკვეველია.
ლაზიკასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება იურიდიული კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ძაგნიძემ გაიტანა.
ქალაქის მშენებლობისთვის საჭირო თანხების ოდენობით, სხდომაზე, "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია დაინტერესდა. მისი თქმით, საინტერესოა, რა თანხა უნდა დაიხარჯოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013 წელს ლაზიკის მშენებლობის დასაფინანსებლად და რა თანხაა გამოყოფილი 2012 წლის ბიუჯეტიდან ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობისათვის.
ძაგნიძის განცხადებით, პირველადი, საბაზო ინფრასტრუქტურის მოწყობაში უფრო სახელმწიფომ უნდა იაქტიუროს, რაც სიგნალს მისცემს ადგილობრივ და უცხოელ კერძო ინვესტორებს, რომ აქ ინვესტიციის განხორციელება არის შესაძლებელი. შეკითხვებზე კონკრეტული პასუხის მისაღებად, მინისტრის მოადგილემ, ბაღათურიას წერილობითი მიმართვისკენ მოუწოდა.
ბარათურიას შეფასებით კი, როცა სახელმწიფო დონის მშენებლობების ხარჯების შესახებ, ბიუჯეტში არაფერია მითითებული, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.
,,ლაზიკის სტატუსზე პროექტი გამოგაქვთ და არ იცით, რა ჯდება მისი მშენებლობა, როდის ჩატარდა ტენდერი. არცერთი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში არ იყო მითითებული, თუ რა დაჯდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მშენებლობა, რაც იმას აჩვენებს, რომ ეს იყო შავი ფული. როცა სახელმწიფოში მტავრობისა და პარლამენტის წევრებმა არ იციან, თუ რა ჯდება პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სახლის მშენებლობა, როცა ბიუჯეტში არ არის მითითებული შესაბამისი მუხლი, ეს ელიტური კორუფციის მაჩვენებელი და სისხლის სამართლის დანაშაულია,, - აღნიშნა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებით, ლაზიკას საქართველოს სხვა ქალაქებისგან განსხვავებული სტატუსი ექნება, რომელიც ორგანული კანონით უნდა განისაზღვროს.