საქართველოს პრეზიდენტი დღეს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედებს ესტუმრა, სადაც წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მიხეილ სააკაშვილმა, სიმბოლურად, პირველი მილის შედუღების პროცესში მიიღო მონაწილეობა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის 2010-2015 წლების მოდერნიზაციის პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო. ქვეყნის პირველი პირი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათგან ახალი იდეები და, ამასთანავე, პრობლემები მოისმინა.
პროექტი, რომლის ღირებულება 480 ათასი ლარია, ორი ახალი ჭაბურღილის, ასევე წყალმომარაგების მაგისტრალური და შიდა ქსელების მოწყობას და თანამედროვე სატუმბო სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2 ათას 700 ადგილობრივი მოსახლე წყალს ყოველდღიურად, 12-საათიანი გრაფიკით მიიღებს. მშენებლობაზე 60-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.
მასალის გამოყენების პირობები