,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა'' მიიღო გადაწყვეტილება, ყოველი წლის განმავლობაში გამოავლინოს წლის საპატიო მჩეხველის ვინაობა. 2011წლის ივნისიდან 2012 წლის ივნისამდე მონაცემებით წლის საპატიო მჩეხველის ნომინაციაში გაიმარჯვა ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა, რომლის უწყებამაც საქართველოს ეკოსისტემას უდიდესი ზიანი მიაყენა ტყის სექტორში განხორციელებული ბარბაროსული ქმედებებით.
,,ერთი წლის წინ განხორციელდა გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია, რის შედეგადაც საქართველოს ტყეების უდიდესი ნაწილი 1 961 098 ჰა გადავიდა საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მართვაში. ერთი წლის მონაცემებით, საქართველოს რეგიონების მიხედვით ტყის უკანონო ჭრის სტატისტიკა კუბური მეტრის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება. 1. თბილისი - 20. 000, 2. აჭარის ა.რ. - 29. 000, სამეგრელო ზემო სვანეთის მხარე 39. 585, გურიის მხარე 10. 989, იმერეთის მხარე 9. 000, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე 14. 000, შიდა ქართლის მხარე-7. 000, მცხეთა-მთიანეთის მხარე-30. 000, კახეთის მხარე 20. 000, ქვემო ქართლის მხარე 8. 000, სამცხე-ჯავახეთის მხარე 37. 000. საბოლოო ჯამში, ერთი წლის მანძილზე უკანონოდ მოიჭრა 224. 574.- აღნიშნა ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის'' ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" ინფორმაციით, ტყეებში არსებული კატასტროფული სიტუაცია არის შედეგი იმ არაპროფესიონალური და დაუდევარი მიდგომისა, რომელსაც ხეთაგურის უწყება იჩენს სატყეო სექტორის მიმართ. მძიმე მდგომარეობის მიზეზი შეიძლება რამდენიმე კომპონენტად დავყოთ: ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია 1 961 098 ჰა ტყის მასივი აღნიშნულ ტყის მასივებს სამინისტროსვე ინფორმაციით იცავს 481 ტყის მცველი. თითო მცველს უწევს 4 158 ჰექტარი ტყის მასივის დაცვა რაც არანორმალურ მოვლენას წარმოადგენს. ასეთი რამ არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ ხდება.
"სამინისტროსვე ინფორმაციით, ტყის მცველებს არ გააჩნიათ არანაირი ტექნიკური აღჭურვილობა და არც იარაღი, რათა მოახდინონ ტყის მასივების დაცვა. არ კონტროლდება იჯარით გაცემული ტყის მასივებში არსებული მდგომარეობა, კანონით დაშვებული ჭრების გარდა იქაც მიმდინარეობს უკანონო ჭრები. არ ჩატარებულა და არ ტარდება ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რამაც ზაფხულში შეიძლება ჰექტრობით ტყის მასივების განადგურება გამოიწვიოს. ჩვენ ადრეც და ახლაც ვეწინააღმდეგებით ტყეების გრძელვადიან 49 წლიან იჯარას, სანამ ამ კუთხით კანონმდებლობაში ცვლილებები არ განხორციელდება და არ გაუქმდება ტყების გრძელვადიანი იჯარა, სამომავლოდ რთულ სიტუაციას მივიღებთ.''- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.