საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე „ქრისტიან-დემოკრატი" ჯაბა სამუშია თბილისის მერს სამარშრუტო ტაქსებში რადიო მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
როგორც საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე სამუშიამ განაცხადა "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" სამარშუტო ტაქსებში რადიოდმაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით შიდა ძიება ჩაატარა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ გასულ კვირას ხელმძღვანელობამ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ღამით სადგომებზე დაიბარა და სამარშრუტო ტაქსების კარის ღამე ღია დატოვება მოსთხოვა.
მისივე თქმით, მძღოლების ნაწილს სთხოვეს სამარშრუტო ტაქსის გასაღები გარკვეულ ადგილას შეენახა. როგორც სამუშიამ განმარტა, მეორე დილით მისულ მძღოლებს სამარშრუტო ტაქსებში რადიოს სიგნალი გათიშული დახვდათ.
მისივე თქმით, სამარშრუტო ტაქსებში ღამით ტექნიკოსებმა იმუშავეს და რადიო მიმღები გათიშეს.
"მძღოლების ნაწილმა ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა და მათ ჯარიმითა და სამსახურიდან გაშვებით დაემუქრნენ. მერია ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს"-განაცხადა სამუშიამ და აღნიშნა, რომ მიზეზი რაც შპს „თბილისის მიკროავტობუსმა" რადიომაუწყებლობის გათიშვასთან დაკავშირებით დაასახელა, აბსურდულია.
მისივე თქმით, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა", საკუთარ პრობლემებს უნდა მიხედოს და პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს, რადგან მან არ შეასრულა დაპირება, დაარღვია ტენდერის პირობები, რის გამოც აღნიშნულ კომპანიას ხელშეკრულება უნდა გაუუქმდეს.
"მოვუწოდებთ "თბილისის მიკროავტუბუსს" პოლიტიკაში ნუ ჩაერევა, რადგან რასაც იგი აკეთებს ეს არის ბინძური ხერხები, პოლიტიკური ინფორმაციის მოსახლეობამდე მიტანის შეზღუდვა" - განაცხადა სამუშიამ და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ამ საკითხზე ფრაქციამ მერიაში წერილობითი განცხადება შეიტანოს.