გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე თავისი უწყების შესაბამის დეპარტამენს მოუწოდებს, კადრები უფრო დაკვირვებით შეარჩიონ. ასე ეხმაურება ხაჩიძე სამართალდამცველების მიერ მისი სამინისტროს თანამშრომლების დაკავებას.
ამასთან, მინისტრი უწყების თანამშრომლების კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას მათ დაბალ სახელფასო ანაზღაურებასაც უკავშირებს და აცხადებს, რომ ხელფასები ეტაპობრივად გაიზრდება.
"მსგავსი ფაქტები მოხშირდა და ეს იმითაც არის განპირობებული, რომ ხელფასები არის დაბალი. ვმუშაობთ იმაზე, რომ მისი გაზრდა ეტაპობრივად მოხდეს, თუმცა ეს არავის აძლევს კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის უფლებას", - განმარტავს მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ბრალდებით გარემოს დაცვის სამინისტროს 8 თანამშრომელი დააკავა.