ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე კახა ასლანიშვილი ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხარტიაშვილის ბრალდებებს უარყოფს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ასლანიშვილმა განაცხადა, ზაზა ხატიაშვილი ამჟამად დაკავებულია პოპულისტირი განცხადებებით და ელემენტარულ სამართლებრივ საკითხებში ვერ ერკვევა.
"არავითარი ელექტრონული ჟურნალი არ არსებობს. ასოციაციაში ბუღალტერია წარმოებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და შესაბამისად ყველა ჩანაწერი არსებობს. პრობლემა ისაა, რომ ამ ადამიანმა არ იცის როგორ ჩართოს კომპიუტერი და ნახოს ეს ყველაფერი", _ განაცხადა"ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კახა ასლანიშვილმა.
მისივე თქმით, ხატიაშვილს არ უნდა გადაიბაროს ასოციაციის საქმეები. "მე თბილისში ვარ და არსად გავქცეულვარ. ჩემი კოორდინატები მოკლე მესიჯითაც გავუგზავნე და ვაცნობე, რომ მზად ვარ გადავაბარო ასოციაციის ყველა საქმე, თუმცა არ დამკავშირებია".
"52 ათასი ლარი ნამდვილად მივიღე და თან კანონიერად. ეს არის ჩემი ხელფასი და მას ყოველთვის ავიღებ. ესეც დაფიქსირებულია საბუღალტრო ჩანაწერებში", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კახა ასლანიშვილმა და აღნიშნა, რომ ხატიაშვილს შეცდომაში შეჰყავს ყველა, რადგან სამართლებრივ საკითხებში პირველი კურსისი სტუდენტის დონეზეც კი ვერ ერკვევა.
"ამ ასოციაციის წევრობა მხოლოდ იმიტომაა სირცხვილი, რომ 700-მა ადვოკატმა ხატიაშვილს დაუჭირა მხარი", _ განაცხადა ასლანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოცოაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარეს, კახა ასლანიშვილს ფინანსურ მაქინაციებში და თანხების არამიზნობრივ განკარგვაში ადანაშაულებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ზაზა ხატიაშვილმა განუცხადა, კახა ასლანიშვილმა ხელფასის სახით 52 ათასი ლარი მანამდე აიღო, ვიდრე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ დაინიშნებოდა. ხატიაშვილის განცხადებით, მას ბუღალტერი არ აძლევს შესაძლებლობას, ნახოს ელექტრონული ჟურნალი, სადაც ასოციაციის ბრუნვაა აღრიცხული. ზაზა ხატიაშვილი მიმართავს სამართალდამცველებს და კახა ასლანიშვილის საქმის შესწავლას მოითხოვს.