2010 წელს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის დაფინანსების ხარჯები გაორმაგდა. გუბერნატორის ადმინისტრაცია 2009 წელს 720 700 ლარით დაფინანსდა, წელს კი დაფინანსება 1 252 600 ლარამდეა გაზრდილი.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში უნდა გაიზარდოს მომუშავეთა რიცხოვნობა 28 - დან 50-მდე; 2009 წელს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ბიუჯეტი ხარჯებისთვის 704 700 ლარს ითვალისწინებდა, წელს კი 930 600 ლარით არის განსაზღვრული. აქედან 575 200 ლარი შრომის ანაზღარებაზე მოდის, 352 400 საქონელსა და მომსახურებაზე, ხოლო 3 000 ლარი სხვა ხარჯებზე. არაფინანსური აქტივების ზრდის ნაწილში გუბერნატორის ადმინისტრაციას 322 000 ლარი ერგო.
კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის განცხადებით, 2010 წლის იანვრიდან გუბერნატორების ადმინისტრაციებში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული, კერძოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამაშველო სამსახური. „გუბერნატორის ადმინისტრაციის დაფინანსება სწორედ ამის გამო გაიზარდა. დამატებული თანხით ეს სამსახური უნდა დაფინანსდეს", - განაცხადა სიბაშვილმა.