შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ქუთაისში პარლამენტის მშენებლობისას ხარაჩოს ჩამონგრევისას მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა.
"7 ივნისს პარლამენტის შენობისა და მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დამხმარე ნაგებობის ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად გარდაიცვალა ობიექტზე მომუშავე ერთი ადამიანი.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილი რეზო ნებიერიძის ოჯახს.
სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მომხდარი შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა და არ გარდაცვლილა არც ერთი ადამიანი, გარდა ზემოთხსენებული ერთი პიროვნებისა. ასევე, მომხდარი შემთხვევის შედეგად, არც ერთ მოქალაქეს არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისათვის"- ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროში განმარტავენ, რომ ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ზემოთხსენებული შემთხვევის შედეგად არსებული დაშავებულების შესახებ წარმოადგენს სიცრუეს და არის მომხდარი სამწუხარო ფაქტით მიზანმიმართული სპეკულაცია.