ჰოლდინგური კომპანია "ვაკე-5-ისა" და "ალბატროს ჯგუფის" დამფუძნებელი დავით ბეგიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს, ღია წერილით მიმართავს. წერილში ბიზნესმენი საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ბიზნესსაქმიანობის მდგომარეობის შესახებ შესახებ აკეთებს აქცებტს და განმარტავს, რომ ბიზნესთან ურთიერთობის მხრივ საგანგაშო რეალობაა.
"ეს გამოიხატება ხელისუფლების მიერ ბიზნესმენებზე განხორციელებული ზეწოლით, მუქარით, ბაზრიდან გაძევების, ქონების თუ ბიზნესის ჩამორთმევით და სხვა. უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიერ მრავალი ფაქტია დაფიქსირებული ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევისა და მათ შორის, ბიზნესმენებზე განხორციელებული უკანონობის შესახებ. ბევრი ჩვენგანი, ვგულისხმობ თავისუფალი ბიზნესის წარმომადგენლებს, შეთითხნილი ბრალდებებით სასჯელს იხდის საპატიმრო დაწესებულებებში, ბევრიც ემიგრირებულია ან რეპრესირებულია. სამწუხაროდ, სასამართლოს გზით ვერ ვახერხებთ სამართლიანობის მოპოვებას. ქვეყანაში გამეფებული უკანონო მართლმსაჯულების გამო, ვერ ვახერხებთ ქვეყნის შიგნით სასამართლოებში სამართლიანობის აღდგენას და იძულებულები ვხდებით მივმართოთ საერთაშორისო სასამართლოებს, რა დროსაც საქართველოს ხელისუფლება, სარჩელის გამოტანის მიზნით, ბიზნესმენებზე და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლას ახორციელებს", - აღნიშნულია წერილში.
ბეგიაშვილი კლინტონს მიმართავს თხოვნით, დაინტერესდეს საქართველოში ადამიანთა უფლებებისა და ბიზნესგარემოში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობით.
"თქვენი სურვილის შემთხვევაში, მე და ჩემი კოლეგები მზად ვართ, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია წერილში.