,,ქართული ოცნების" პრესსპიკერის განცხადებით, ხელისუფლება ,,ქართული ოცნება_ დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მანანა კობახიძის მიმართ ბინძურ კამპანიას აწარმოებს, _ აღნიშნულის შესახებ ფანჯიკიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ პირველად მსგავსი ფაქტი ,,მაესტროს" ეთერში დაფიქსირდა.
,,ბოლო პერიოდში ქალბატონ მანანა კობახიძის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საჯარო გამოსვლებში მეორდება მისთვის ბრალის დადება თითქოს, იგი ეროვნული და სექსუალური უმცირესობების მიმართ არაეთიკურ გამონათქვამებს იყენებს და მათ უფლებებს არღვევს", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, პირველად ასეთი ბრალდება ჩიორა თაქთაქიშვილმა ,,მაესტროს" ეთერში გაახმაურა.
,,ასეთი რამ პირველად ,,მაესტროს" ეთერშო მოხდა, როცა დებატები მქონდა უმრავლესობის წარმომადგენელთან ქალბატონ ჩიორა თაქთაქიშვილთან. მან ჩემთან საუბარში მანანა კობახიძეს დასდო ბრალი იმაში, რომ იგი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს არაეთიკურად იხსენიებს და მოიყვანა აბსოლუტურად არარსებული ციტატები ქალბატონ მანანას გამოსვლიდან. იმ ეთერში ქალბატონი თაქთაქიშვილი შემპირდა, რომ ამ ფაქტის დასასაბუთებლად დოკუმენტაციას მომაწვდიდა. თუმცა, რასაკვირველია, ასეთი დასადასტურებელი საბუთები მე მისგან არ მიმიღია", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ არსებული ბრალდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თამარ ჩერგოლეიშვილმაც გაიმეორა.
მაია ფანჯიკიძის აზრით, ხელისუფლების ეს ქმედება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
,,ამასთან დაკავშირებით კოალიცია ქართული ოცნება აცხადებს, რომ სრულიად აბსურდული და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ხელისუფლების და მათი პოზიციის გამხმოვანებელი ჩერგოლეიშვილის ბრალდებები და ეს ყოველივე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რაც ხელისუფლების მიერ აგორებული ბინძური კამპანიის ნაწილია", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ფანჯიკიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მანანა კობახიძე წლების განმავლობაში საზოგადოებას ხელისუფლების უკანონო ქმედებებისგან იცავდა.
,,მანანა კობახიძე ათი წლის განმავლობაში საქმიანობდა უფლებადაცვით სფეროში და ხელისუფლების უკანონო ქმედებებისგან იცავდა არაერთ მოქალაქეს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობის უფლებებს. ხელისუფლება ვიდრე მსგავს ცილისწამებას გაავრცელებს უმჯობესია წარმოადგინოს მტკიცებულებები", - განაცხადა ფანჯიკიძემ.