ამ დრომდე უცნობია ქუთაისში კოალიცია ,,ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი მანიფესტაციის ზუსტი თარიღი, თუმცა ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" აღნიშნავს, რომ აქციის ჩატარების ზუსტი დრო და ადგილი ხვალ, 4 ივნისს, გახდება ცნობილი.
"ქუთაისის მერიის განცხადებაში წერია, რომ 11-15 ივნისამდე ცენტრალურ მოედანზე ისეთი ღონისძიებებია დაგეგმილი, რომელზეც იმ რაოდენობის ხალხი არ მოვა, რომ საჭირო გახდეს დიდი მოედანი და ამიტომ მანიფესტაციის ჩასატარებლად ცენტრალურ მოედანზე გამოგვიყვეს 11-15 ივნისამდე პერიოდი. ეს ფესტივალი დაწყებულია პირველი ივნისიდან და მასზე დასწრება ისეთი არაა, როგორც ქუთაისის მერიას წარმოედგინა, რომ შემდეგ ეს ფაქტორი გამოეყენებინათ ,,ქართული ოცნების" წინააღმდეგ და ახლა მიხვდნენ, რომ თავის მოჭრას სჯობს, რაღაც დათმობაზე წამოსულიყვნენ', _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ქუთაისის მერიის გადაწყვეტილება მათი მხრიდან სერიოზული დათმობაა.
"ეს, რასაკვირველია, მათი მხრიდან სერიოზული დათმობაა, მაგრამ ჩვენ ასეთ რამეს არ ველოდით გვეგონა მაინც გაჯიქდებოდენ, ამიტომ ორიენტაცია 10 ივნისზე ავიღეთ და შევცვლით, თუ არა გადაწყვეტილებას 10 ივნისს ალტერნატიულ ადგილას აქციის ჩატარების შესახებ ჯერჯერობით უცნობია, რადგან ქუთაისის მერიის შემოთავაზება 11-15 ივნისს მანიფესტაციის ჩატარების შესახებ მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი. ახლა ამაზე ვმსჯელობთ და ხვალ თერთმეტ საათზე ამ გადაწყვეტილებას გაგაცნობთ", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, ქუთაისის მერიამ კოალიცია ,,ქართულ ოცნებას" ცენტრალურ მოედანზე მანიფესტაციის ჩასატარებლად 11-15 ივნისი შესთავაზა. ,,ქართულ ოცნებას" თავდაპირველადქ უთაისში ცენტრალურ მოედანზე აქცია 7 ივნისს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა მერიამ აქციის ჩატარებაზე უარი განუცხადა და მიზეზად პირველი ივნისიდან პირველ ივლისამდე ცენტრალურ მოედანზე საზაფხულო ფესტივალის ღონისძიებები დაასახელა. სანაცვლოდ კოალიციის წარმომადგენლებს აქციის ჩასატარებლად ალტერნატიულ ადგილად აღმაშენებლის ძეგლთან, ბალახვნის მოედანი შესთავაზა. თუმცა ,,ქართულმა ოცნება" ქუთაისის მერიას 1 ივნისს კიდევ ერთი წერილით მიმართა, სადაც 9-10 ივლისს ცენტრალურ მოედანზე აქციის გამართვას ითოვდა, მაგრამ მერიისგან კვლავ უარი მიიღო.
2 ივნისს კი ქუთაისის მერიამ ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებს მანიფესტაციის ჩასატარებლად ცენტრალური მოედანი 11-15 ივნისამდე შესთავაზა.