12 მაისს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა მრავალათასიან შეკრებაზე დაანონსებული ინიციატივა - დევნილთა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დაარსების შესახებ, რომელსაც ბიზნესმენი მინდია გულუა აფხაზ და ოს ბიზნესმენებთან ერთად დააფინანსებს, უახლოეს დღეებში რეალობად იქცევა და ფუნქციონირებას დაიწყებს. ამის შესახებ თავად ბიზნესმენმა მინდია გულუამ განაცხადა.
ფონდი, რომელიც ბიზნესმენის ინიცატივით შეიქმნა, დარეგისტრირებულია საზღვარგარეთ, აქვს ანგარიშები რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის შვეიცარიაში. როგორც მინდია გულუამ აღნიშნა, ეს არ არის პარტიის ფონდი, არც მინდია გულუას ფონდი, ეს არის ფონდი ქართველებისათვის, რომელიც მოემსახურება როგორც აფხაზებს, ასევე ოსებსა და უბრალო, ღარიბ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან უჭირთ. ფონდი უკვე დარეგისტრირდა და მუშაობას რამდენიმე დღეში დაიწყებს. როგორც ფონდის მესვეურები ამბობენ, მათი მთავარი მიზანი დევნილებისთვის და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის კონკრეტული დახმარებების გაწევაა. ,,ხელისუფლებამ დააყადაღა და ჩხრეკა მოუწყო ფონდ ,,მზე შინა და მზე გარეთას" და ფონდ ,,ქომაგს". ამ შემთხვევაში ვანო მერაბიშვილისა და მის უწყების ხელები ვერ მისწვდება დევნილთა ფონდს, რადგან ანგარიშს საზღვარგარეთ ვერ დააყადაღებენ. ჩვენ პირდაპირ უცხოეთიდან გავაკეთებთ კონკრეტულ ადრესატზე დახმარებას, რომელსაც ვერ გააჩერებს ხელისუფლება. ეს არ იქნება იმ ქვეყნის კანონის დარღვევა, საიდანაც განხორციელდება დახმარება და ასევე ეს არ იქნება კანონის დარღვევა საქართველოს ფარგლებში. უახლოეს კვირაში მოწმე გახდებით, თუ რას გაუკეთებს ფონდი ჩვენს დევნილებს და იმ ხალხს, ვისაც საშუალება არ გააჩნია. არჩევნებამდე დარჩა რამდენიმე თვე, ამ ხნის განმავლობაში ასეულობით ოჯახი იქნება დასახლებული, რომელთაც ეყოლებათ შინაური ცხოველები, ფრინველი და ფონდიდან კიდევ მიიღებენ ეკონომიკურ დახმარებას. ფონდის ხელმძღვანელი იქნება საზღვარგარეთელი და არა მინდია გულუა, ვინაიდან პირდაპირ ვიქნები დაკავშირებული პარტიასთან და პარტიას შექმნება პრობლემები",-განაცხადა მინდია გულუამ. როგორც აღინიშნა, უცხოელები გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ფონდი დაეხმაროს 10 000 სტუდენტს, რომლებიც სწავლის გარეშე დარჩნენ, რადგან მათ მშობლებს არა აქვთ სწავლის საფასურის გადახდის საშუალება. ,,ვისაც სწავლა სურს, ჩვენ რეალურად ყველას გავუწევთ დახმარებას, რადგან სახელმწიფო არ ფიქრობს მომავალ თაობაზე, იმაზე რომ ჰყავდეს განათლებული ერი. გარდა ამისა ფონდს აქვს დიდი გეგმები, კერძოდ შეიქმნება იდეების ბანკი. ჩვენ ვიყიდით იდეებს და შემდეგ განვახორციელებთ მათ. გავცემთ უპროცენტო კრედიტებს, ვიქნებით ინვესტორები და პარტნიორები ", აცხადებს მინდია გულუა.
მასალის გამოყენების პირობები