პირველად რეგიონში, თბილისმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინსტიტუტის ერთ-ერთ ფლაგმანურ სასწავლო კურსს უმასპინძლა. აღნიშნული საერთაშორისო სასწავლო კურსის ჩატარება საქართველოში და მის კონტექსტში საქართველოს ეკონომიკის, როგორც წარმატებული მაგალითის განხილვა არის ამ მნიშვნელოვანი მიღწევების კიდევ ერთი აღიარება წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მხრიდან. კურსის ფარგლებში მონაწილეები საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსაც გაეცნენ, რაც განაპირობებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ექსპორტს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ამ გზით საქართველო სავაჭრო-ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ ცენტრთან ერთად, თანდათან ყალიბდება, როგორც რეგიონის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერა.
31 მაისს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინსტიტუტის სასწავლო კურსის ოფიციალური დახურვის ცერემონია გაიმართა და კურსისმონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
სასწავლო კურსი თემაზე: "მაკროეკონომიკური მართვა და ფისკალური პოლიტიკის საკითხები" ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში მიმდინარე წლის 20-იდან 31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეგიდით ორგანიზებულ სასწავლო კურსში, ქართველ კოლეგებთან ერთად ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საერთაშორისო სემინარში მონაწილეობა მიიღეს: აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებმა. ქართული მხრიდან - ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, ეროვნული ბანკის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებმა.
სასწავლო კურსს კითხულობდნენ სსფ-ის ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტები, მათ შორის, ალექსანდროს მოურმოურასი (Alexandros Mourmouras) - IMF-ის ინსტიტუტის ევროპული სამმართველოს უფროსი, ჯანელი ჯოვანი (Ganelli Giovanni) - IMF-ის ინსტიტუტის ევროპული სამმართველოს უფროსი ეკონომისტი, რობერტ ჯილინგამი (Robert Gillingham) -კონსულტანტი. სასწავლო კურსი ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ახალ, საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო კორპუსში 11 დღის განმავლობაში მინდინარეობდა და მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: არსებული გამოწვევები გლობალურ ეკონომიკაში და მათი გავლენა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, მაკროეკონომიკური რეგულირება და ფისკალური მენეჯმენტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლი კრიზისის დროს, საპენსიო მდგრადობა და რეფორმა, მაკროეკონომიკური პოლიტიკის გამოწვევები ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყნებისთვის და სხვა.
და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებული მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ქვეყნის განვითარებაზე მიმართული ეკონომიკური კურსის მხარდაჭერა. დღესდღეობით, მიუხედავად გლობალური ეკონომიკური სირთულეებისა, საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ სანიმუშო ქვეყანას სტაბილური მაკროეკონომკური გარემოს და საჯარო ფინანსების მდგრადობას კუთხით. IMF-ის ინსტიტუტის სასწავლო კურსის ჩატარება ხელს შეუწყობს საქართველოს აქტიურ ჩართულობას სავალუტო ფონდის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში და დაეხმარება ქვეყანას ჩამოყალიბდეს, როგორც რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრი.