ხვალ, 30 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამინისტროს გამოცდების ეროვნულ ცენტრში ახალ ხელმძღვანელს წარადგენს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ გააკეთა.
სეფერთელაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით საატესტატო გამოცდები შეუფერხებლად მიმდინარეობს, სახელმწიფო არის გარანტი, რომ ასევე შეუფერხებლად და მაღალ დონეზე ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდებიც.
"მინისტრის პირველმა მოადგილემ განმარტება გააკეთა რა პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა დიმიტრი შაშკინსა და მაია მიმინოშვილს შორის. კერძოდ: სამინისტროს სურვილი იყო პედაგოგებისთვის შექმნილიყო კომფორტული გარემო როგორც სატესტო ნაწილში, ისე გამოცდების მიმდინარეობის დროს. რაშიც მიმინოშვილის მხრიდან წინააღმდეგობა იყო. სამინისტროს აგრძელებს განათლების სისტემაში რეფორმებს, ეს შეუქცევადი პროცესია, აქედან გამომდინარე, გარკვეული ეტაპის შემდეგ სამინისტრო გეგმავდა გამოცდების ამერიკული მოდელის დანერგვას და 8 + 1 მოდელზე გადასვლას, რაც გულისხმობს საატესტატო გამოცდებს და ერთ გამოცდას უნარებში, რასაც ასევე მოჰყვა მიმინოშვილის მხრიდან წინააღმდეგობა", - აცხადებენ სამინისტოში.
მათი ინფორმაციით, ასევე აზრთა სხვადასხვაობა იყო საქართვლოში ეთნიკური უმცირესობებისთვის ატესტატების გაცემასთან დაკავშირებით, რაც მათ საშუალებას აძლევდა სურვილის შემთხვევაში სწავლა საზღვარგარეთ გაეგრძელებიათ.
სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო პოტრჟებსკაიამ დაადასტურა საინფორმაციო სააგენტო ONN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მინისტრსა და მიმინოშვილს შორის დაპირისპირების შესახებ. მისი თქმით, დაპირისპირება დაახლოებით ათი თვის განმავლობაში გრძელდებოდა, "მინისტრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ესოდენ რთული გადაწყვეტილება", - აღნიშნა პოტრჟებსკაიამ.
ამასთანავე, მისი თქმით, მთავრობის მხრიდან მიმინოშვილს რამოდენიმე შეთავაზება ჰქონდა. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროში ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოსტზე, თუმცა მიმინოშვილისგან ყველა შეთავაზებაზე მთავრობამ უარი მიიღო. რის შემდეგაც, სამწუხაროდ ვერ მოხერხდება პოზიციების შეჯერება და მინისტრმა მიიღო ასეთი რთული გადაწყვეტილება.