"ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "შაშკინი პატარა ჭანჭიკია ყველაფერში", რომელიც მხოლოდ ერთი კაცის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს ემსახურება.
"მთელი ქვეყანა ემსახურება მხოლოდ ერთი კაცის ხასიათს. მხოლოდ მისი იდეოლოგიის შედეგია, რაც მოხდა და ამ კაცმა არაფერი არ გაითვალისწინა. საერთოდ, ეს სისტემა, ეს იდეოლოგია არაფერს არ ითვალისწინებს. მისი ინტერესია, მხოლოდ ერთი, თუ როგორ მოემსახურებიან მას პირადად და ეს ქვეყანა მხოლოდ ერთი კაცის სამსახურში უნდა იყოს. აი, ეს არის მთელი პრინციპი და იდეოლოგია ჩვენი სახელმწიფოსი, ეს არის უბედურება და კიდეც ყველაფერი აქეთ ვითარდება", _ განაცხადა ივანიშვილმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ დირექტორთან მაია მიმინოშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ივანიშვილის განცხადებით, ერთადერთი სტრუქტურა, რომელიც თავის საქმიანობას წარმატებულად ახორციელებდა, გამოცდების ეროვნული ცენტრი იყო და ეს სტრუქტურაც სააკაშვილმა "დაშალა".
"იმ ბოლო სტრუქტურასაც, რომელიც რჩებოდა და რაზედაც შეიძლებოდა საუბარი, რომ კარგად გაკეთებულია, ამ კაცმა დანგრევა დაუწყო'', _ განაცხადა ივანიშვილმა.