პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, თუკი სერბეთი დაუშვებს აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, ეს ნიშნავს, რომ მან კოსოვოზე ხელი ჩაიქნია. ამის შესახებ მაჭავარიანმა სერბეთის პრეზიდენტ ტომისლავ ნიკოლიჩის მიერ, რადიოსადგურ "ეხო მოსკვისთვის" მიცემული ინტერვიუს კომენტიტებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, არ არის გამორიცხული, რომ სერბეთის პარლამენტმა აფსაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი განიხილოს.
მაჭავარიანის თქმით, ნიკოლიჩის კონფიგურაცია აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია.
"კარგად გავეცანი და ინტერვიუში ისიც იყო ნათქვამი, რომ სერბეთი გააგრძელებს ევროკავშირისკენ სვლას და არ დათმობს კოსოვოს და მიტროვიცა ახსენა, მგონი თუ არ ვცდები. ვფიქრობ, ნიკოლიჩი არის იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმდევარი, რომელიც მიიჩნევა რუსეთზე ორიენტირებულად, ამიტომ აქვს მის პარტიას ხელშეკრულება "ედინაია როსიასთან" და ეს იყო გარკვეულწილად იმ პოლიტიკისთვის ხარკის გადახდა, რასაც ჰქვია რუსეთთან ურთიერთობა. ჩვენ ვიმუშავებთ არაღიარების პოლიტიკაზე, მივაწვდით დეტალურად ინფორმაციას და თუ სერბეთი ამაზე მაინც წავიდა, ეს ნიშნავს, რომ მან საბოლოოდ ხელი ჩაიქნია კოსოვოზე და არა მგონია ეს ნიკოვიჩის გეგმებში ეწერებოდეს", - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, საქართველოს პლუსია, რომ კოსოვო არ აღიარა. თუმცა ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა ადასტურებს, რომ პრეცედენტი კოსოვოსთან დაკავშირებით აბსოლუტურად სხვა იყო და საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებით აბსოლუტურად სხვა.
"საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული, ეს დაფიქსირებულია ევროკავშირის, ევროსაბჭოს, სენატის რეზოლუციაში ხოლო კოსოვოზე ასეთი ტერმინი არსად დაფიქსირებულა, თუმცა ჩვენ კოსოვოს არ ვაღიარებთ", - დასძინა მაჭავარიანმა.