იტალიაში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებულ სკანდალთან კახი კალაძეს საერთო არაფერი აქვს, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "კალა ფონდის" პრეზიდენტმა ოთარ ჩრდილელმა განუცხადა. მისი თქმით, რაიმე ბრალდებაზე საუბარი არასერიოზულია.
"კახა კალაძე ამ თამაშში ტრავმის გამო, საერთოდ არ მონაწილეობდა. ეს არის იტალიური პრესის მიერ გამოთქმული ვარაუდი, რომელსაც საფუძველი არ აქვს. ერთადერთი თუ ამის აუცილებლობა დადგება, კახა კალაძე, შესაძლოა, დაკითხონ მოწმის სტატუსით და არა როგორც ბრალდებული", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ჩრდილელმა.
27 მაისს იტალიურმა პოლიციამ 19 ადამიანი დააკავა, რომლებიც ჩაწყობილი მატჩების საქმეში არიან ეჭვმიტანილნი. მათ შორისაა რომის "ლაციოს" კაპიტანი სტეფანო მაური.
სამართალდამცველების აზრით, "ჯენოასა" და რომის "ლაციოს" შორის მატჩი უცნაური იყო, რადგან შეხვედრა მოსალოდნელი ანგარიშით დასრულდა, ხოლო გარკვეული ადამიანების რიცხვმა ამაზე დიდი ფულიც გააკეთა. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ჯენოას" აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელებს დომენიკო კრიშიტოსა და კახა კალაძეს ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით ახლო მომავალში დაკითხავენ.