პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილისთვის, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი უცნობია.
რგორც მან აღნიშნული საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა, მიმინოშვილის გათავისუფლება არა საპარლამენტო, არამედ ადმინისტრაციული გადაწყვეტილებაა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შეფასებით, მიმინოშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის ჩამოყალიბებაზე ნაყოფიერად იმუშავა.
,,მიზეზების შესახებ ვერაფერს ვერ გეტყვით. თუმცა პირადად მე მიმაჩნია, რომ მაია მიმინოშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის ჩამოყალიბებაზე ნაყოფიერად იმუშავა. მან წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა", -აღნიშნა გაბაშვილი.
გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დღევანდელ განცხადებაშია ნათქვამი. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გადაწყვეტილება დღეს, "რეფორმების განხორციელების პროცესში პრინციპული შეუთავსებლობის გამო მიიღო".