მოსახლეობა დეპუტატებს პარლამენტის ახალი ვებ-გვერდის საშუალებით, დაუკავშირდება. ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საქართველოს პარლამენტის განახლებული ვებ-გვერდის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახალი ვებგვერდის კონცეპტუალური განსხვავების მთავარი ღერძი, მოსახლეობისა და დეპუტატების ურთიერთობის გამარტივებაა.
,,პარლამენტის გამჭვირვალობა მხოლოდ ლამაზ და გამჭვირვალე შენობებს არ გულისხმობს. ჩვენი ამოცანა სრულიად ახალი კონცეფციის შექმნა, რომელიც მოქალაქეებს დეპუტატებთან ურთიერთობას სრულიად გაუადვილებს. დღეს მოქმედი სისტემით, ადამიანებს პარლამენტში მოსვლა და მისაღებში დაცდა სჭირდებათ. ახალი ვებ-გვერდის საშუალებით კი ნებისმიერი ადამიანი, სასურველ დეპუტატს მიაწვდის ინფორმაციას, საკუთარი პრობლემის შესახებ. ადამიანებს პარლამენტში მოსვლა და მისაღებში დაცდა არ დასჭირდებათ", - განმარტა ბაქრაძემ.
პარლამენტის ახალი ვებ-გვერდი, ერთი თვის განმავლობაში, ძველთან ერთად იფუნქციონირებს და მასზე გადასვლა მოქმედ ვებგვერდზე მითითებული ბმულიდან იქნება შესაძლებელი.