ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ტურიაშვილების ოჯახი მთიდან გარდაცვლილი ოჯახის წევრის ცხედრის გადმოსვენებას ვერ ახერხებს.
„ჩემი მამამთილი მთაში მწყემსად 4 დღის წინ წავიდა. სხვასთან იყო სამუშაოდ. გუშინ, დაახლოებით 3 საათი იქნებოდა, რომ მისი გარდაცვალების შესახებ შეგვატყობინეს. ისიც კი არ ვიცით, როდის და რით გარდაიცვალა. იმის გამო, რომ მთაზე მხოლოდ საცალფეხო ბილიკი გადის და დასახლებული პუნქტიდან 20 კილომეტრზე მეტით არის დაშორებული, მიცვალებულის სახლში გადმოსვენებას ვერ ვახერხებთ. მხოლოდ ვერტმფრენით თუ გადმოვასვენებთ, იქამდე ტრანსპორტი ვერ მიდის. გამგეობაში გვეუბნებიან, რომ ვერ დაგვეხმარებიან, რადგან ვერტმფრენი გაფუჭებულია. თბილისის სამაშველო სამსახურმაც განაცხადა, რომ არაფერი შეუძლიათ. წუხელ პოლიციელებიც მოვიდნენ, ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ და მზესუმზირის ჭამის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. მაშ ამ ქვეყანაში ერთი ვერტმფრენი არ არსებობს?", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის რძალმა ნადია ტურიაშვილმა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ ზანდარაშვილის განცხადებით, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მათთვის დახმარებისთვის არ მიუმართავთ.
„გამგეობისთვის საერთოდ არ მოუმართავთ, თუმცა ვცდილობთ, რომ ვერტმფრენით მივეხმაროთ, თუ არადა თვითონ ოჯახის წევრები ჩამოასვენებენ ნელ-ნელა მწყემსების და მონადირეების დახმარებით", - აღნიშნა ბესიკ ზანდარაშვილმა.