ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის საბოლოო პროგრამა ჯერ დაზუსტებული არ არის , - ამის შესახებ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართული პროგრამის შემუშავებაში, საბოლოოდ პასუხისმგებელი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოა.
კალანდაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ 5 ივნისს ჰილარი კლინტონი ბათუმს ეწვევა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის გაფორმებული ოფიციალური ქარტიის ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრის თავმჯდომარე იქნება ჰილარი კლინტონი, ხოლო თანათავმჯდომარე საქართველის პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური. კალანდაძის განცხადებით, ამ შეხვედრის შემდეგ გაიმართება ქარტიის ფარგლებში შექმნილი ოთხი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.
"ჩვენ მივესალმებით ამ ვიზიტს, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატებიდან კიდევ ერთი გამოხატულება საქართველოს მხარდაჭერისა", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი კავკასიური ტურნეს ფარგლებში 5 ივნისს საქართველოს ეწვევა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვა. კლინტონი 5 ივნისს ბათუმში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიას გახსნის.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჰილარი კლინტონი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პოლიტიკოსების ფართო წრეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
ჰილარი კლინტონი საქართველოდან 6 ივნისს აზერბაიჯანში გაემგზავრება. ბაქოდან კი სახელმწიფო მინისტრი თურქეთში ჩავა, სადაც გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე დაგეგმილ მინისტერიალს დაესწრება.