საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს იმედი აქვს, რომ მდიდარი არაბული ქვეყნებიდან საქართველოში მეტი ინვესტიცია შემოვა, ამის შესახებ გილაურმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის მეოთხე რეგიონალურ კონფერენციაზე სიტყვის გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომელსაც საქართველო პირველად მასპინძლობს.
"დღეს აქ წარმოდგენილნი არიან 10 ქვეყნის სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლები. ესენი არიან იმ ორგანიზაციის წევრები, რომლებიც ათობით, ასობით და ათასობით ყველაზე მსხვილ კომპანიებს აერთიანებენ. ეს ადამიანები თავიანთ ქვეყნებში როდესაც ჩადიან იქაური ბიზნესწრეებს რეკომენდაციებს აძლევენ, თუ სად განახორციელონ ინვესტიცია. მათ საქართველოში ბიზნესის კეთება უნდათ და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც რეგიონალური ცენტრი - ლოჯისტიკური, საინვესტიციო და ტურისტული თვალსაზრისით. მე იმედი მაქვს, რომ ამ საკმაოდ მდიდარი ქვეყნებიდან საქართველოში მეტი ინვესტიცია შემოვა", - განაცხადა გილაურმა.
კონფერენციის ფარგლებში დღესვე სავაჭრო-სამრეწველო პალატამ სამ არაბულ ქვეყანასთან - დუბაის ემირატებთან, ბაჰრეინის სამეფოსთან და შარჟას სამეფოსთან ხელშეკრულება გააფორმა. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის კახა ბაინდურაშვილის თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში მომავალში დელეგაციების გაცვლა და საინვესტიციო პროექტებზე მუშაობა იგეგმება.
"რამდენიმე ხნის წინ ანალოგიური ხელშეკრულებები ჩვენ კატართან და ომანთან გავაფორმეთ. დანარჩენ არაბულ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ამ ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვას გაგვიოლებს",'- განაცხადა ბაინდურაშვილმა.
თავის მხრივ, კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ და აღნიშნა, რომ ღონისძიებაში მონაწილე ყველა ადამიანი თავიანთ ქვეყნებში წამყვანი ბიზნესმენები არიან და მათ შესაძლებლობა აქვთ საკუთარი თავლით ნახონ ის ცვლილებები, რომელსაც საქართველოში აქვს ადგილი.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის მეოთხე რეგიონალურ კონფერენციაში
ავსტრიის, ბაჰრეინის, ეგვიპტის, ირანის, კატარის და სხვა არაბული ქვეყნების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარეები და გენერალური მდივნები მონაწილეობენ. დღესვე მათთვის საპატიო მიღებაც იგეგმება.