სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ ქვემო ქართლის რეგიონში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) დაფინანსებით მიმდინარე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. მარნეულის რაიონის სოფელ ჯანდარაში მდებარე ხიდი ცხვრის გადასარეკი ტრასის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთს წარმოადგენს.
ქვეყნის მასშტაბით გადასარეკი ტრასების აღდგენა-რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მეცხვარეობის განვითარებას საქართველოში, რაც თითოეული მეცხვარის გაზრდილ შემოსავალს და კეთლიდღეობას განაპირობებს.
აღნიშნული ხიდის სიგრძე 36 მეტრს შეადგენს, სიგანე 4 მეტრია. შესაბამისად რეკონსტრუქციის შემდეგ მისი გამოყენება არა მხოლოდ ცხვრისა და საქონლის გადასარეკად იქნება შესაძლებელი, არამედ ავტომანქანების მოძრაობისთვისაც. დღეისათვის, ხიდს 10 000-მდე მეცხვარე და ადგილობრივი მოსახლე იყენებს. სიძველისა და დაზიანებების გამო მისი გამტარიანობა მნიშვნელოვნად შეზღუდულია, რაც ზამთრისა და ზაფხულის საძოვრებზე ცხვრისა და საქონლის გადაადგილებას აფერხებს.
,,სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის" პროექტის ფარგლებში მოხდება აღნიშნული ხიდის სავალი ნაწილების რეაბილიტაცია და განაპირა დამცავი ბურჯების დაზიანებული ნაწილების განახლება. ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულება რამოდენიმე თვეში დასრულდება.
საქართველოში მეცხვარეობა ექსპორტზე ორიენტირებული დარგია, რომლის ინფრასტრუქტურის განვითარებაშიც სახელმწიფო აქტიურად მონაწილეობს.