"ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკის აღმავლობაში მნიშვნელოვანი წილი სოფლის მეურნეობაზე მოდიოდეს", _ განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე.
"დღეს ვიწყებთ ბრძოლას სოფლის ფეხზე დაყენებისთვის. დღეს სოფელი დაცლილი და წელში გატეხილია. გლეხს აკლია ტექნიკა, თესლი, აკლია საწვავი, აკლია სასუქი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკის აღმავლობაში მნიშვნელოვანი წილი სოფლის მეურნეობაზე მოდიოდეს. დღეს საქმე იქამდეა მისული, რომ ხშირად გლეხს გადასახადისა და სხვა ხარჯების შესატყვისი მოსავლის აღებაც უჭირს",_ აცხადებს ივანიშვილი და აღნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს სათანადო გამოცდილება და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამ გამოცდილებას მთელი ქვეყნის მასშტაბით შევასხამს ხორცს.
"შემუშავებული გვაქვს პროგრამები იმისათვის, რომ ფეხზე დავაყენოთ თითოეული გლეხი, თითოეული ოჯახი, ავაღორძინოთ სოფელი, რომელიც, საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის აღორძინებას ნიშნავს. ხელი შევუწყოთ როგორც ფერმერული, ისე საოჯახო და კოოპერაციული მეურნეობების შექმნას ქვეყანაში. შევქმნით სპეციალურ ფონდს, რომელიც დაეხმარება ყველას, ვინც დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში. ამით სოფელში გლეხი დამაგრდება, ახალგაზრდობას სტიმული მიეცემა და ქვეყანაც წელში გაიმართება", _ აცხადებს ივანიშვილი.