"დღეს ჩვენ ვიწყებთ, რათა ისე შევცვალოთ ქვეყნის მართვა, რომ უმოკლეს დროში ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომი ხარისხიანი განათლება. აუცილებელია ყველა სოფელში მოქმედებდეს სკოლა, რომელთა უმრავლესობა ეგრეთ წოდებული ოპტიმიზაციის საბაბით დაიხურა", _ განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე.
მისი თქმით, სოფლის სკოლაზეა დამოკიდებული არა მარტო განათლების საკითხი, არამედ მოსახლეობის ადგილზე დამაგრება, ისტორიული კუთხეების დაცლისგან გადარჩენა.
"მრავალი გაჭირვება გამოიარეს ჩვენმა პედაგოგებმა და თითქმის უხელფასობის პირობებში უარი არ უთქვამთ პროფესიული მოვალეობის შესრულებაზე. ახლა კი, სულ იმის შიში აქვთ, რომ შეიძლება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვონ სკოლებიდან. ვპირდებით მათ, რომ მიეცემათ ღირსეული საქმიანობის შესაძლებლობა, ექნებათ სათანადო ხელფასი, სოციალური დაცვა და, რაც ყველაზე მთავარია, მათ ვერავინ ვეღარ გაათავისუფლებს სამსახურიდან პირადი თუ პოლიტიკური მოტივების გამო", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.