"თუ ამ ხელისუფლების პრიორიტეტი არის საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება და შენარჩუნება, ჩვენი პრიორიტეტი იქნება თითოეული მოქალაქის თავისუფლება და კეთილდღეობა", _ განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე.
"არ არსებობს იმაზე დიდი ღირებულება, ვიდრე ადამიანის სიცოცხლეა. საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა კი, ცივილიზებული სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა.
დღეს ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას, რათა დავძლიოთ ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კატასტროფული ვითარება. მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის სამედიცინო მომსახურება ხელმიუწვდომელია. ძვირი ღირს საავადმყოფოში დაწოლა, ძვირია წამლები, ძვირია ოპერაციის გაკეთება. ჩვენ დღეს პირველები ვართ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მოზარდთა სიკვდილიანობით, ჩვენ დღეს პირველები ვართ დედათა და 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობით.
ჩვენი პოლიტიკა ჯანდაცვის სფეროში ორიენტირებული იქნება ადამიანზე, თითოეულ მოქალაქეზე. ჩვენ მოვსპობთ მონოპოლიებს და შევქნით კონკურენტუნარიან გარემოს. ჩვენ ვთავაზობთ უფასო სამედიცინო მომსახურების სადაზღვევო პაკეტს საქართველოს ყველა მოქალაქეს და არა ყოველ მეორეს, როგორც ამას საქართველოს ხელისუფლება ჰპირდება ხალხს და მისი დაპირების ფასიც კარგად ვიცით", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.