"ჩვენ არ დაგპირდებით არაფერს ისეთს, რისი შესრულებაც არ არის შესაძლებელი და რაც არ შეგვიძლია. ყოველი ჩვენი დაპირება რეალური და კარგად დათვლილია", _ განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდრემა ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" იწყებს ბრძოლას საქართველოს გაერთიანებისთვის, რათა გამთლიანებული, დემოკრატიული და წელში გამართული საქართველო გახდეს ეროკავშირის, ნატოს, საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი.
"ჩვენ შემუშავებული გვაქვს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების დეტალური პროგრამა ყველა მიმართულებით. ჩვენ არ დაგპირდებით არაფერს ისეთს, რისი შესრულებაც არ არის შესაძლებელი და რაც არ შეგვიძლია. ყოველი ჩვენი დაპირება რეალური და კარგად დათვლილია.
რეალური პოლიტიკა, რეალური ნაბიჯები, ეს არის ის, რასაც გპირდებით. ჩვენ ვერ მოვახდენთ სასწაულს, მაგრამ გავაკეთებთ შესაძლებლის მაქსიმუმს საარჩევნო კამპანიის განმავლობაში წარმოგიდგენთ ჩვენს გეგმებს და თქვენთან ერთად, თქვენი თანამონაწილეობით მივცემთ საბოლოო სახეს საქართველოს განვითარების პროგრამას", _ აცხადებს ივანიშვილი.