"დღეიდან პროცესები შეუქცევად ხასიათს მიიღებს, უკვე შეუძლებელია დაწყებული პროცესების შეჩერება, მით უფრო, ამ პროცესების შემობრუნება. ხელისუფლებამ რაც არ უნდა დაგეგმოს, რაც არ უნდა მოიმოქმედოს, ეს ბრძოლა აუცილებლად ბოლომდე მივა და ჩვენი გამარჯვებით დასრულდება!", _ განაცხადა განაცხადა კოალიცია ქართული ოცნების ლიდრემა ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე.
"გასული შვიდი თვის განმავლობაში ჩვენ შევძელით ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ერთ გუნდად გაერთიანება. და ეს, არც ისე ადვილი იყო. ჩემი კოლეგები უნდა დამერწმუნებინა, რომ დროებით გადაედოთ ყველა სადავო საკითხი და, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შეთანხმებულიყვნენ ერთიან პლატფორმაზე.
ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება", ჩვენ შევძელით და მთელ საქართველოში შევქმენით რეგიონალური სტრუქტურები - შტაბები", _ აცხადებს ივანიშვილი და აღნიშნავს, რომ ყოველივე ამას "ქართული ოცნება" ხელისუფლების მხრიდან ისტერიული ძალადობისა და უბადრუკი საძაგლობების ფონზე აკეთებდა.
"ჩვენ ეს შევძელით, რადგან ამ ბრძოლაში ჩვენ მხარესაა ქართველი ხალხის ნება, რომელსაც არ სჩვევია მონობაში ცხოვრება. ჩვენ მხარესაა თანამედროვე პოლიტიკური და კულტურული ტრადიცია, ჩვენ მხარეს არიან ქვეყნები, რომლებმაც დემოკრატია და თავისუფლება სახელმწიფოს ფუნდამენტში ჩადეს. ხოლო ჩვენ წინააღმდეგ არის ერთი მშიშარა კაცი - ტრადიციას, თანამედროვეობას, რეალობას მოწყვეტილი, რომელსაც სიცრუისა და ძალადობის გარდა არგუმენტი აღარ დარჩენია", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.