დასავლეთის ქვეყნები "სერიოზულ საერთაშორისო პასუხს" ითხოვენ სირიის ქალაქ ხულაში მომხდარ ძალადობაზე, რომელის შედეგადაც სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა. კერძოდ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მომხდარს "სიმხეცე" უწოდა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი ყველა ღონეს იხმარს იმისათვის, რომ ბაშარ ასადის ხელისუფლებასა და მის მომხრეებზე ზეწოლა გააძლიეროს და ამ "შიშის მთავრობამ" არსებობა უნდა შეწყვიტოს.
სირიაში მომხდარი ამბავი ასევე დაგმეს გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა და გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა კოფო ანანმა. სირიაში გაეროს დამკვირვებელთა ხელმძღვანელმა გენერალმა რობერტ მუდმა მომხდარს "სასტიკი ტრაგედია" უწოდა და აღნიშნა, რომ დამკვირვებლებმა ტრაგედიის ადგილი უკვე მოინახულეს, თუმცა მან არ დააკონკრეტა თუ ვის მიიჩნევს დამნაშავედ ამ საშინელ ტრაგედიაში.
გაერომ დაადასტურა 90 ადამიანის დაღუპვა, რომელთა შორისაც 32 ბავშვია.
სირიის ხელისუფლებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა "შეიარაღებულ ტერორისტულ დაჯგუფებებს დააკისრა", ხოლო ოპოზიციამ თავის მხრივ ამ მკვლელობაში ბაშარ ასადის რეჟიმი დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, რომ ქალაქი ხულა სირიის ცენტრალური პროვინციაა. იგი სასტიკად დაიცხრილა, როდესაც ტრადიციული ლოცვის შემდეგ ათასობით ადამიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე გამოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები