ქართველი მეცნიერების აზრით, ლაზიკის სტატუსთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ნაადრევია. ამის შესახებ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შეხვედრაზე, არქიტექტორმა და ურბანისტმა, პროფესორმა ლადო ვარდოსანიძემ განაცხადა.
მან აღფრთოვანება გამოხატა "იმ გულწრფელობის გამო, რაც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული", კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, რომ პროექტის მომზადებაში ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
მისი თქმით, ახალი ქალაქების შენება მისასალმებელია, მაგრამ არა ექსპერტების დასკვნების გარეშე და სათანადო კანონების დარღვევით.
მან ყურადღება გაამახვილა ლაზიკასთან დაკავშირებულ სამართლებლივ მხარეზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებობს ორგანული კანონი თვითმმართველობების შესახებ და მეორე - კანონი სივრცითი მოწყობის შესახებ, რომლის თანახმადაც, მთავრობამ უნდა დაასაბუთოს ახალი ქალაქის მშენებლობის საჭიროება და გადაუგზავნოს პარლამენტს, რაც არ მომხდარა.
პროფესორმა ხაზი გაუსვა, იმ ფაქტსაც, რომ კანონპროექტის შემუშავებაში ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ, რაც განმარტებით ბარათშიც არის აღნიშნული.
ვარდოსანიძემ მაგალითად მოიყვანა ბრაზილიის შემთხვევა, როდესაც ქალაქის მშენებლობის იდეა გაჩნდა 1937 წელს, მშენებლობა კი 1957 წელს დაიწყო.
"საკონსტიტუციო ცვლილებები ამ საკითხზე ნაადრევია. მომხრე ვარ ახალი ქალაქების მშენებლობის, მაგრამ ასევე ვემხრობი კანონების დაცვას, როგორც კამნონმორჩილი ადამიანი", - დასძინა ვარდოსანიძემ
შეხვედრაზე სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ივა დავითაიამ კონცეფცია - "ლაზიკა - ახალი შესაძლებლობების ქალაქი" წარადგინა.