საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არ გაიმართება, - განცხადება ამის შესახებ დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, "ბოლო დღეებში პოლიტიკური სპექტრის ნაწილი უკრაინის თემას საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს და ცდილობს ამ თემით სპეკულირებას".
მანჯგალაძის განცხადებით, სწორედ ამავე ნიშნით გაისმა დღეს უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის მოწვევის მოთხოვნაც.
"ამ სხდომებზე ქვეყნისთვის სასიცოცხლო თემები განიხილება. ამ სხდომებზე განხილული იყო ოკუპაციის თემა, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და გარე საფრთხეების საკითხები", _ განაცხადა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ დღეს უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის მოწვევის მოთხოვნა "გაისმა სწორედ იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ასეთი თემების განხილვაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. ახლა კი, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის, წინასაარჩევნოდ ცდილობენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების თემა გამოიყენონ".
პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მზად არის, ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხების განხილვაში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა, უკრაინის თემაზე მსჯელობა არ გაიმართება.
"პრეზიდენტი ასევე მოუწოდებს პოლიტიკურ სპექტრს, უკრაინის თემა არ იქნას ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული", - განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსნებთ, რომ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უშიროების საბჭოს გაფართოებული სხდომის მოწვევა უკრაინის საკითხზე "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მოითხოვა.