დღეს, 26 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში საქართველოსთან დაკავშირებული 1000-ზე მეტი უნიკალური დოკუმენტის ასლი გამოიფინება.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმიდან აცნობეს, თურქეთის პრემიერ-მინისტრის არქივი (ყოფილის ოსმალეთის საიდუმლო არქივი) ქართველებისთვის გაიხსნა. 1000-ზე მეტი საქართველოსთან დაკავშირებული უნიკალური დოკუმენტის ასლი თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმშია ჩამოტანილი.
უცნობ ისტორიულ დოკუმენტებზე რამდენიმე წლის განმავლობაში წარმოშობით ქართველი მეცნიერი მურად ქასაბი მუშაობდა. მიკველულია ისეთი წერილობითი წყაროები, რომლებიც გადატრიალებას მოახდენენ ქართულ ისტორიოგრაფიაში. მაგალითისთვის: პრემიერ-მინისტრის არქივში აღმოჩნდა XII საუკუნის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ოსმალეთის სულთანი ბრძანებას იძლევა, იერუსალიმში ქართველებს დაუბრუნდეთ სომხებისა და ფრანგების მიერ უკანონოდ მიტაცებული ქართული მონასტრები. აღსანიშნავია 1565 წლის 7 თებერვლის სულთნის ფირმანი, რომლითაც ირანის მმართველის ჯარს აფრთხილებენ და სასტიკად უკრძლავენ ქართული ტერიტორიების დალაშქვრას.
ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით კი, ირკვევა, რომ ფაშას ქრისტიანულ მოსახლეობაზე ძალადობისა და ქონების წართმევასთან დაკავშირებით ქართველი აზნაურები ვარაზა და ქაიხოსრო დაუპატიმრებია.
არქივში დაცულია თბილისის ციხის დღემდე უცნობი მინიატიურა, რომელიც მე-17 საუკუნის ბოლოშია შესრულებული, მინიატიურაზე კარგად ჩანს, რომ საქართველოს დედაქალაქი ზარბაზნებით გამაგრებული დიდი ციხე-სიმაგრე ყოფილა, მას ჰქონია წყლით შემოვლებული თხრილები და გადასასვლელი ბურჯებიანი ხიდები; დაცულია, ასევე, ახმედ ხიმშიაშვილისა და ახალციხის ციხის მინიატიურა, დღემდე უცნობი ქართველი ტიპაჟების პორტრტეტები, ქართული ეროვნული კოსტიუმის ამსახველი ლითოგრაფიები და სხვა.
გამოფენის პარალელურად, გაიმართება მურად ქასაბის წიგნის პრეზენტაცია, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებული 1000-მდე დოკუმენტია შესული.
გამოფენა ხელოვნების სასახლეში 6 ივნისამდე გაგრძელდება.