ხვალ, 26 მაისს, ქუთაისში საქართველოს პარლამენტის საზეიმო სხდომა გაიმართება. ქუთაისში პარლამენტის საზეიმო სხდომის გამართვის შესახებ, პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა. 17:00 საათზე პარლამენტი საზეიმო სხდომაზე შეიკრიბება. სხდომაზე სტუმრები, მათ შორის ელჩები, საპატრიარქოს წარმომადგენლები არიან მიწვეული. სხდომის შემდეგ, 18:00 საათზე ქუთაისში სამხედრო აღლუმი გაიმართება.
მანამდე კი პრეზიდენტი თბილისში ქართული მრეწველობის აღლუმზე დასწრებას გეგმავს.
ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობა იმ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რომელიც მშენებლებთან შეთანხმებული იყო. გრაფიკის მიხედვით კი, 26 მაისს სხდომათა დარბაზი და შემოსასვლელი მზად იქნება. სხდომის შემდეგ მშენებლობა გაგრძელდება და მისი დასრულება სექტემბრის ბოლოს არის დაგეგმილი.