ქალაქ ლაზიკას მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით, "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) ხელშეწყობით, მომავალი კვირიდან რეგიონებში საჯარო შეხვედრები დაიწყება.
როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ ჟურნალისტებთან განაცხადა, საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა დაინტერესებულია, ლაზიკას მშენებლობის იდეასთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი იცოდეს.
შესაბამისად, NDI გეგმავს, ხელი შეუწყოს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას, რომ რეგიონებში საჯარო განხილვები ჩაატაროს და ამ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გამოიკითხოს.
"ჩვენი აზრით, ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება მიეცეთ და შესაბამისი შეკითხვებიც დასვან", - აღნიშნა ნავარომ.
დღეს პარლამენტში ქალაქ ლაზიკას სტატუსის შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ კონსტიტუციური კანონპროექტი განიხილეს.