21-24 მაისს საქართველოს დედაქალაქს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კნესეთის წევრი დანი აიალონი ეწვია. აიალონი ვიზიტის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დავით ჯალაღანიას და მინისტრის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა, ეწვია უშიშროების საბჭოს, ესტუმრა საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი მინაშვილს და სხვა ოფიციალურ პირებს.
შეხვედრაზე მხარეებმა კულტურულ, სამრეწველო, საგანმანათლებლო, სასოფლო-სამეურნეო, ეკონომიკურ და სხვა დარგებში სამომავლო თანამშრომლობის გაზრდაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ტურისტული კავშირების გაღრმავებაზე.
აიალონმა ისრაელის საგარეო პოლიტიკის შესახებ საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო სწავლების ფონდში ლექციაც გამართა.
" საქართველოს და ისრაელს უძველესი ტრადიციები და ფასეულობები აქვთ, სწორედ ამიტომ ეს ორი ქვეყანა ერთმანეთის ბუნებრივი მოკავშირეა. აქ ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გასაღრმავებლად ჩამოვედი. განსაკუთრებით ავღნიშნავდი ტურიზმის სექტორს, რომელსც საქართველოში უდიდესი პოტენციალი აქვს. ასევე მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო და საგანმანათლებლო კავშირების გამყარება. ვიზიტის დროს სილამაზითა და ხალხის სითბოთი და სტუმართმოყვარეობით აღფრთოვანებული დავრჩი. აქ თავი საკუთარ სახლში მეგონა და დარწმუნებული ვარ, ქართველებიც სწორედ ასე იგრძნობენ თავს ისრაელში. მართალია, ქართველი და ებრაელი ხალხი რაოდენობრივად მცირე ერებია, მაგრამ ჩვენ უდიდესი წარსული და ბრწყინვალე მომავალი გვაქვს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.