ბუნების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, ქალაქ ლაზიკის მშენებლობასთან დაკავშირებით, გარემოს ზემოქმედების შესახებ დასკვნას ითხოვენ.
ლაზიკის სტატუსთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის პირველ სხდომაზე "ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" წარმომადგენელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რომ ლაზიკის გაშენებით, ხელისუფლება "რამსარის" კონვენციას დაარღვევს, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის ჭაქრბტენიანი ტერიტორიების დაცვას ითვალისწინებს.
მისი თქმით, ლაზიკის გასაშენებლად სწორედ ამ დოკუმენტით დაცული ჭაობის დაშრობა გახდება საჭირო და გარემოსდამცველებმა ამ საკითხზე უარყოფითი პოზიცია უკვე გამოხატეს.
"გარემოზე ზემოქმედების შესახებ დასკვნა მომზადებული არ არის, რაც დაუშვებელია. გაუგებარია, ასევე, თუ რისთვის არის საჭირო ლაზიკაში ახალი საზღვაო ნავსადგურის შექმნა, მაშინ, როცა ბათუმისა და ფოთის ნავსადგურები რელაურად დატვირთული არ არის, ან როგორ მოხდება ახლად აშენებულ ქალაქში 10 წელიწადში ნახევარი მილიონი ადამიანის დასახლება. ფოთის მოსახლეობამ 150 ათასს მას მერე მიაღწია, რაც იქ დევნილები ჩაასახლეთ. ტერიტორიების დაკარგვის შედეგად თუ აპირებთ იქ ნახევარი მილიონი ადამიანის ჩასახლებას, არ ვიცი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ეკონომიკურად დაუსაბუთებელია",- აღნიშნა მჟავანაძემ.
საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა მას ტერიტორიების დაკარგვასთან დაკავშირებული განცხადებების გაკეთებისას კორიქტულობისაკენ მოუწოდა.
"ლაზიკა - ახალი შესაძლებლობების ქალაქი" - კონცეფციაზე მომხსენებელმა, სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ივა დავითაიამ კი აღნიშნა, რომ ლაზიკის მშენებლობისას "რამსარის" კონცენციით დაცულ ტერიტორიაზე გადასვლა არ იგეგმება.
მან ქალაქის კონტურები დღევანდელ შეხვედრაზე ვერ დააზუსტა და ისიც აღნიშნა, რომ ექსპერტების დასკვნები არც ერთ საკითხზე არ არსებობს, თუმცა, მისი მტკიცებით, ქალაქის მშენებლობისას არ დაირღვევა, ასევე, იქ არსებული ფლორა და ფაუნა.
"ცნობილია, რომ იქ 192 სახეობის ფრინველი ბინადრობს და რა ფარგლებშიც ვფიქრობთ ლაზიკას გაშენებას, მათ საფრთხე არ დაემუქრებათ", - დასძინა დავითაიამ.