პრაიმერის ჩატარების მხარდამჭერთა რიცხვი გაიზარდა: ეროვნულ-პოლიტიკური მოძრაობა "ქრისტიანული საქართველოს" ლიდერის ავთანდილ დავითაიას თქმით, მისი ორგანიზაცია პრაიმერში მონაწილე პარტიულ სუბიექტებს უერთდება. იგი სხვა ოპოზიციურ ძალებს იმავე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს.
მოძრაობა "ქრისტიანული საქართველოს" ხელმძღვანელმა ეს გადაწყვეტილება პრაიმერის ინიციატორი პარტიების (მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის", "კონსერვატიული პარტია", "ხალხის პარტია") ლიდერებთან გამართული კონსულტაციების შემდეგ მიიღო, რომელიც 22 იანვარს მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ოფისში შედგა.
"ოპოზიციას ხელისუფლების დამარცხების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ მმართველი გუნდის ფავორიტს არჩევნებში ერთიან კანდიდატს დაუპირისპირებს", _ აღნიშნა კონსულტაციების დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ავთანდილ დავითაიამ, რომელშიც, მასთან ერთად, მონაწილეობდნენ ზურაბ ნოღაიდელი, ზვიად ძიძიგური, კახა კუკავა და ალექსანდრე შალამბერიძე.