დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა გორში, ყოფილ „სანტექმონტაჟის" კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილებს ბინები საკუთრებაში გადასცა და საჯარო რეესტრის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერები დაურიგა.
ყოფილ „სანტექმონტაჟის" კოლექტიურ ცენტრში 1991 წლიდან აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილები მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ. 2010 წელს მოხდა შენობის რეაბილიტაცია და სხვადასხვა ავარიული ობიექტებიდან ოჯახების გადმოყვანა.
საცხოვრებელი ფართები იმ დევნილ ოჯახებსაც გადაეცათ, რომლებიც ნათესავებთან ან ქირით ცხოვრობდნენ. ობიექტის რეაბილიტაცია World Vision საქართველოს მიერ გაეროს დაფინანსებით განხორციელდა. სამინისტროს ორგანიზებითა და World Vision-ის დაფინანსებით ყოფილ „სანტექმონტაჟის" კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ რამდენიმე დევნილ ოჯახს მცირე ბიზნესიც დაუფინანსდა. წარდგენილი წარმატებული ბიზნესპროექტის საფუძველზე გაკეთდა მინი სამკერვალო და ავტო შეკეთების სალონი, სადაც დევნილები დასაქმდნენ.