"ევროვიზია 2012 -ის" ფინალს ქართველი კონკურსანტი ანრი ჯოხაძე ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა. მისი საკონკურსო ნომერი ნახევარფინალის ათ რეიტინგულ ნომერს შორის ვერ მოხვდა.
ევროვიზიის ნახევარფინალი ბაქოში "კრისტალ ჰოლში" გაიმართა. ქართველ მომღერალთან ერთად საკონკურსო ნომერში მაგდა ჯოხაძე, ნინი შერმადინი, ვერიკო ტურაშვილი, ნინო ძოწენიძე და მოცეკვავე სალომე ჭაჭუა მონაწილეობდნენ.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად მონაწილეობენ: მასპინძელი ქვეყნის - აზერბაიჯანისა და „დიდი ხუთეულის" გერმანიის , დიდი ბრიტანეთის , საფრანგეთის , ესპანეთის , იტალიის წარმომადგენლები.
პირველი ნახევარფინალის შედეგად ფინალში გადავიდნენ: ისლანდია, საბერძნეთი, ალბანეთი, რუმინეთი, კვიპროსი, დანია, რუსეთი, უნგრეთი, მოლდოვა, ირლანდია. მეორე ნახევარფინალური ტური გადალახეს: ლიტვის, ბოსნია ჰერცოგოვინის, სერბეთის, უკრაინის, შვედეთის, მაკედონიის, ნორვეგიის, ესტონეთის, მალტის და თურქეთის კონკურსანტებმა.
გრანდიოზული ფინალი 26 მაისს გაიმართება. კონკურსის ლოგოა - ,,ცეცხლოვანი ყვავილი", სლოგანი - ,,დაანთე ცეცხლი". კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობდა.
ევროვიზიის კონკურსი პირველად 1955 წელს ჩატარდა. საქართველო კონკურსში 2007 წლიდან მონაწილეობს.