საკაბელო მაუწყებლობასთან დაკავშირებით, კამპანია "ეს შენ გეხებას" საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივა მმართველი გუნდის მიერ გაზიარებული არ იქნება.
როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლ;ე კუბლაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საკაბელო მაუწყებლობა არის ჩვეულებრივი ბიზნესი და არჩევნებისთვის მასზე რაიმე დამატებით ვალდებულების დაკისრება არასწორი იქნება.
"ბუნებრივია, საკაბელო მაუწყებლის ბიზნესი უნდა განვითარდეს, მათ აქვთ თავიანტი ბიზნესხედვა და სტრატეგიული ხედვა. შესაბამისად, ახალი ვალდებულებების წარმოქმნა მათ მიმართ არასწორია", - განაცხადა კუბლაშვილმა.
მისი თქმით, არის სხვა საკითხებიც, რომელთა ირგვლივე მმართველი გუნდის პოზიციები უკვე ცნობილი იყო და მათი შეცვლა არ იგეგმება. კერძოდ, ეს შეეხება მათ შორის გუბერნატორების, მინისტრის მოადგილეების და გამგებლების მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში.
"ისინი არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები და მათი შეზღუდვა აგიტაციაში მონაწილეობისაგან და მათი ჩამოცილება მთავარი პოლიტიკური პროცესისგან არის არალოგიკური და ამის გაკეთებას არ ვაპირებთ", - დასძინა დეპუტატმა.
კამპანიის "ეს შენ გეხებას" წევრები განსხვავებული მაუწყებლობის ხელმისაწვდომობას კატეგორიულად მოითხოვენ, ისინი მიიჩნევენ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავებული მაუწყებლობის ხელმისაწვდომობაა.
კამპანიის მიერ პარლამენტში 7 მაისს შეტანილ საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტთან დაკავშირებით, დღეს პირველი შეხვედრა გაიმართა და მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.