ხვალ, 25 მაისს, მსოფლიოში ცნობილ გერმანელ ვოკალისტსა და კომპოზიტორს, როკჯგუფ "სკორპიონსის" წევრს, კლაუს მაინეს, 64 წელი უსრულდება.
კლაუს მაინე 1945 წლის 25 მაისს დაიბადა. "სკორპიონსის" ტითქმის ყველა სიმღერის ტექსტი მის მიერაა დაწერილი. მაინე არის კომპოზიტორი სიმღერებისა: "Wind of Change", "You and I" და "A moment in a million years".
1982 წელს, მსოფლიო ტურნეს შემდეგ, ალბომ Blackout-ის ჩაწერისას მაინემ დაკარგა ხმა, იმდენად, რომ ლაპარაკიც უჭირდა. მკურნალობის შემდეგ ხმა დაუბრუნდა და დღეს კლაუს მაინე მიიჩნევა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო როკვოკალისტად, აქვს უნიკალური ტენორი და იღებს მაღალ ტონალობას. შესრულებული აქვს რამდენიმე დუეტი ისეთ ცნობილ ტენორებთან, როგორებიც არიან ხოსე კარერასი და ლუჩიანო პავაროტი.
ამჟამად კლაუს მაინე ცხოვრობს მშობლიურ ქალაქ ჰანოვერში. ჰყავს მეუღლე გაბრიელა (გაბი) და ერთი შვილი - კრისტიანი.