სოხუმთან ახლოს მდებარე, ახალი ათონის სიმონ კანანელის მონასტერში, ტაძრის საფუძვლის შემოწმების დროს შუასაუკუნეებით დათარიღებული ხუთი სამარხი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი ანზირ გუმავა ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, დაკრძალვისათვის საჭირო ინვენტარებს შორის აღმოჩენილია შუშის ქილები, რომლებიც ბალზამირებისათვის იყო განკუთვნილი. ერთ ერთ სამარხში ასევე აღმოჩენილ იქნა ქალის ოქროსა და მარგალიტის საყურეები.
"ყველა ეს ნივთი ფიქსაციის შემდეგ ახალი ათონის მუზეუმს გადაეცემა", _ აცხადებს აგუმავა.
აფხაზური მხარე აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას აცხადებს, რომ "აფხაზური ხუროთმოძღვრების სკოლის ამ უნიკალური ძეგლის შენარჩუნებისათვის მშენებლები თაძრის ირგვლივ დრენაჟს აკეთებენ და შენობის საფუძველს ამაგრებენ".
მათივე ინფორმაციით, ტაძართან ახლოს ასევე კეთილმოეწყობა ტერიტორია და პარკი, რომლის ფართობიც 1 ჰა-ია. სავარაუდოდ, გზებს ქვებით მოაპირკეთებენ. თავად ტაძარში კი ყველაფერს - ინტერიერსა და სახურავს განაახლებენ. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "სამხრეთის სამშენებლო კომპანია" აწარმოებს.
აფხაზეთის ე.წ. ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ სიმონ კანანელის ტაძარი ღვთისმსახურებისათვის წლის ბოლოსთვის გაიხსნება.